რუსეთის ტელეგრამ-არხების ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ ლუგანსკში, პოპასნაში, დაჯგუფება „ვაგნერის" შტაბი გაანადგურეს. რუსული მედია იუწყება, რომ რამდენიმე დღის წინ, იმ შენობის ფოტო, სადაც დაჯგუფება „ვაგნერის“ შტაბი იყო განთავსებული რუსმა სამხედრო კორესპონდენტმა გამოაქვეყნა.
8 აგვისტოს, პოპასნაში დაჯგუფება „ვაგნერის“ შტაბში ვიზიტის შემდეგ, პუბლიკაცია Telegram-ში სამხედრო კორესპონდენტმა სერგეი სრედამ გამოაქვეყნა. „მოვედი პოპასნაში, „ვაგნერის“ PMC-ის შტაბ-ბინაში. დაგვხვდნენ როგორც ახლობელს. რამდენიმე სასაცილო ამბავი გავიხსენეთ." სრედამ ასევე გამოაქვეყნა ფოტოებიც სადაც „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინიც ჩანს, თუმცა თავად ამ ფაქტს უარყოფს.
ამ ფოტოებმა მრავალი პრორუსი კომენტატორის აღშფოთება გამოიწვია, რადგან ერთ-ერთ მათგანზე ნაჩვენებია აბრა, უახლოესი თავშესაფრის მისამართით - მირონოვსკაიას ქუჩა, 12.
„რადიო თავისუფლებამ“ შეისწავლა ამ ტერიტორიაზე არსებული სახლების სურათები და მივიდა დასკვნამდე, რომ ფოტოზე ნამდვილად არის ამ მისამართზე მდებარე სახლი.
პოპასნაზე დარტყმის შესახებ ინფორმაციის შემდეგ, სამხედრო ჟურნალისტმა სერგეი სრედამ „ვაგნერის შტაბის" მონახულების შესახებ პოსტი წაშალა, მაგრამ მისი მრავალი ასლი, სოციალურ ქსელში დარჩა.